пятница, 25 марта 2011 г.

სოფელი ძველი სენაკი

         სოფელი ძველი სენაკი,  სამეგრელოს ეს კურთხეული მიწა დიდი ისტორიის მქონე, ერთერთი    უძველესი     სოფელია    საქართველოში.   იგი   სენაკის   რაიონული ცენტრის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით    მდებარეობს.    მას   აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი ნოქალაქევი,    რომელიც    ისტორიაში     ცნობილია     უძველესი  ქალაქის  არქეოპოლისის სახელწოდებით.    ჩრდილოეთით   ესაზღვრება    სოფელი ეკი,    სამხრეთით  სოფელები გეჯეთი და  ნოსირი.
         სოფელი    ტენიანი   სუბტროპიკული ჰავით  ხასიათდება.  ნიადაგი  ძირითადად წითელმიწა–ალუვიურია. ჭალები მდინარე ტეხურის    ქვიშითაა    დაფარული.   მთის ფერდობებზე კი ნეშომპალა–კარბონატული ნიადაგები გვხვდება. 
         სოფელი      ჩრდილოეთი      მხრიდან შემოფარგლულია     გორაკ–ბორცვების ზოლით,    რომელიც ცნობილია ,,უნაგირას სერის’’ სახელწოდებით. მის ფერდობებზე იზრდება   კოლხური   ტყისთვის   დამახასიათებელი   მცენარეულობა: რცხილა, წიფელი, თელა, იფანი, მუხა, ცაცხვი, მურყანი, აკაცია, წაბლი, ბზა, შქერი, წყავი, ბაძგი, თხილი და ბროწეული.    ტყის    განაპირა    ზოლში   ასკილი,   მაყვალი   და    იელი.     ფერდობებზე ხელოვნურადაა    გაშენებული    ტუნგოს   ხეები.

         ფრინველებიდან გვხვდება: შაშვი, ჩხიკვი, წივწივა, კოდალა, ბულბული და მწყერი, იშვიათად ხოხობი და ოფოფი. მტაცებელი ფრინველებიდან გავრცელებულია ქორი, ძერა, მიმინო და ყვავი. ჭაობიან ადგილებში გვხვდება ყანჩა, ზამთრობით კი მოფრინავენ იხვები. 
       ტყის ზონაში მტაცებელი ცხოველებიდან გვხვდება მგელი, ტურა, მელია, მაჩვი, კურდრელი, მემინდვრია, ზღარბი, ანკარა, თხუნელა და გომბეშო.
            ბუნებრივი სიმდიდრეებიდან აღსანიშნავია კირქვის საბადო. 
    ძველი სენაკის საკრებულოს ტერიტორია შეადგენს 3100 ჰექტქრს. ამჟამად აქ ცხოვრობს 3800 ადამიანი, კომლთა რაოდენობაა 1315. სოფელში ბევრია აფხაზეთიდან დევნილი.      
            ძველი სენაკი მდიდარია ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებით.
         ვის არ მოხიბლავს და არ მოიყვანს აღტაცებაში სოფლის შუაგულში აღმართული რვაასწლოვანი ჭადარი და მაცხოვრის სახელობის ეკლესია, ან მთიდან გადმომზირალი წმინდა გიორგის ეკლესია და შხეფის ციხე.
      ძველი სენაკი და მისი ისტორიული ძეგლები მრავალ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შრომებშია მოხსენებული. საინტერესო ცნობას გვაწვდის ძველი სენაკის შესახებ იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც საქართველოში 1630 წელს ჩამოსულა და 18 წელი სამეგრელოში უცხოვრია. იტალიაში დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა წიგნი ,,სამეგრელოს აღწერა’’. ამ წიგნს დართულია ქვს სამეგრელოს რუკაც, სადაც აღნიშნულია ძველი სენაკი ეკლესიით.
         საიტერესო ცნობას გვაწვდის აღნიშნული ეკლესიის შესახებ ნიკო დადიანი თავის წიგნში ,,ქართველთა ცხოვრება. იგი წერს ,,ძველი სენაკის ეკლესია აღაშენა ლეო დადიანმა მანუჩარის ძმან’’. ეს ის ლევან II დადიანია, რომელიც ოდიშის მთავარი გახდა 1611 წელს. ლამბერტი ლევან დადიანის შესახებ წერდა, რომ მან ,,უთვალავი ოქრო–ვერცხლის ხატი გააკეთებინა თვალმარგალიტებით შემკობილი. ერთი წლის განმავლობაში 20–ზე მეტი ოქრომჭედელი ყავდა, რომლებიც განუწყვეტლივ ამკობდნენ საეკლესიო ნივთებს’’...
      არქანჯელო ლამბერტის წიგნი ,,სამეგრელოს აღწერა’’ საინტერესოა არა მარტო იმით, რომ უცხოელი მოგზაური ძვირფას ცნობებს გვაწვდის 380 წლის წინანდელი ძველ სენაკისა და მისი ეკლესიაზე, არამედ იმითაც, რომ ავტორი გვაძლევს ახსნას ძველი სენაკის სახელწოდების წარმოშობის შესახებ. იგი წერს – ,,ამ ადგილს ადრე ერქვა ,,სინგამე’’ (მდიმარე ტეხურის ძველი სახეწოდება). მდინარე სინგამესა და მის ნაპირზე დასახლებას ამტკიცებს იტალიელი მოგზაური ფლავიუს არიანეც მის წიგნში ,,მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო’’. მან მდინარე ტეხურს უწოდა ,,სინაგჰი’’. ადვილი შესაძლებელია, რომ გამოთქმათა სხვადასხვაგვარობის გამო (სინგამე, სინაგჰი) გადაიქცა სენაკად, ადგილმა კი შეინახა ეს სახელი. თუ დავეყრდნობით ლამბერტის ცნობებს, გამოდის რომ ძველი სენაკის დასახლება ჯერკიდევ მე–2 საუკუნეში არსებულა. თავად ,,სენაკი’’ ძველი ქართული ლექსიკონის მიხედვით სალოცავ ადგილს, ბერ–მონაზვნებისათვის განცალკავებულად მდგომ ნაგებობას ნიშნავს. შესაძლებელია, რომ ძველი სენაკისთვის სახელის მიკუთვნება გამოიწვია წარსულში აქ არსებულმა სალოცავებმა.
   1858 წელს სამეგრელოში სამთავროს გაუქმების შემდეგ, ჩამოყალიბდა სამი ადმინისტრაციული ერთეული - ზუგდიდის, ძველი სენაკისა და ლეჩხუმის ოლქები, მაგრამ შემდგომში რკინიგზის გაყვანამ თბილისსა და ფოთს შორის და რკინიგზის სადგურის აშენებამ ახალ სენაკში საბოლოოდ განაპირობა ახალი სენაკის სამაზრო ადმინისტრეციული ცენტრის წარმოქმნა. 
         შალვა დადიანი ამ უძველეს სოფელს ასე ახასიათებს თავის წიგნში ,,მოგონებანი”  -,,წინათ სენაკი ერთი ყოფილა სამეგრელოში და ეს სენაკი იყო კიდეც ამ არე-მარეზე. აქ მოდიოდნენ იმერლები, მოჰქონდათ ღვინო. სამაგიეროდ ყიდულობდნენ ხარებს, ძრო_ ხებს, ცხენებს და სხვა. მოდიოდნენ ბერძნებიც და იძენდნენ აბრეშუმს, სიმინდს, თხილს და ა. შ., ერთი სიტყვით, აქ დიდად გაცხოველებული აღებ-მიცემობა იყო გაჩაღებული. ჩემს დროს მას ძველი სენაკი ერქვა და დღესაც ასე ქვია.”
   ამ ისტორიულ სოფელში ყოველწლიურად იმართებიდა დიდი ბაზრობა (,,იარმარკობა”). აქ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. ვის არ ნახავდით აქ: თათრებს, ბერძნებს, ებრაელებს. მათ ჩამოჰქონდათ ოქროს და ვერცხლის ნივთები, ძვირფასი თვლები, ხალიჩები და სხვა. ,,იარმარკობის” დამთავრების შემდეგ იმართებოდა მარულა (ცხენით ჯირითი),  დოღი, დაბრკოლებების გადალახვა. ბოლოს დღევანდელი სტადიონის ადგილზე, რომელსაც ძველად ,,ოხოჯე” ერქვა, უზარმაზარი ცაცხვის ძირში იმართებოდა ცეკვა-თამაში, სადაც თავს იყრიდა ახალგაზრდობა. იყო შეხვედრები გასათხოვარი ქალიშვილებისა და საცოლე ვაჟკაცებისა, ხშირად აქ  ეყრებოდა საძირკველი მომავალ ოჯახებს. ზეიმს აგვირგვინებდა ქართული ჭიდაობა. ხალხის ტევა არ იყო საჭიდაო მოედანზე, “ბულვარში”, - ასე ეძახდნენ დღევანდელი კულტურის სახლის ეზოს. მოჭიდავეთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ნესტორ ესებუა, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. როგორც გადმოცემით ვიცით, ის ყოფილა მაღალი, ბეჭგანიერი, წელწვრილი, სიტყვა-ძვირი, თავმდაბალი. მისი გამოჩენა აღფრთოვანებას იწვევდა ხალხში. ნესტორი თურმე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი ბეჭი მიწას არ გაკარებია. ის ფალავანთა-ფალავანი იყო და ასე დარჩენილა ბოლომდე.
 ცხენოსნობაში მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა სოფლის მკვიდრი, აწ გასვენებული ალექსანდრე (ალე) ესტატეს ძე ქავთარაძე.
  მოცეკვავეებიც ბევრი ჰყავდა სოფელს, მაგრამ საყურადღებოა სოფლის მკვიდრნი ლევან ბოხუა და მიხეილ (მიშა) ალექსის ძე ქავთარაძე, რომლებიც თეფშზე   ცეკვავდნენ და აღტაცებაში მოჰყავდათ მაყურებლები.
   სოფლის ტრადიციები დღესაც გრძელდება. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული საჩინო დავითაია არის  ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ახალგაზრდებში, ევროპის პირველობის პრიზიორი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის წრე ჩამოყალიბებულია ჩემს სკოლაში, რომელსაც უძღვება ამირან დავითაია. მისმა აღზრდილებმა არაერთხელ ასახელეს ჩვენი სკოლა და რაიონი.
            1874 წელს აკაკი წერეთლის შუამდგომლობით და ძველ სენაკელთა მონდომებით გაიხსნა ერთკლასიანი სათავადაზნაურო სკოლა. სწავლების პირველ წელს ძველი სენაკის სკოლაში 21 მოსწავლე ირიცხებოდა.
        1884 წლის 25 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ქართული სკოლა. მის კურთხევაზე სიტყვა წარმოუთქვამს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით აკაკი წერეთელს. სკოლას არაერთხელ სწვევია პედაგოგ-განმანათლებელი იაკობ გოგებაშვილი. ამ სკოლის პირველი ბრძენი ხელმძღვანელი ყოფილა სამსონ ყი- ფიანი, შემდეგ არსენ წითლიძე.
        სკოლამ დიდი როლი შეასრულა მრავალი თაობის აღზრდის საქმეში. სწორედ აქ ეზიარნენ ცოდნას და შემდეგ დიდ გზაზე გავიდნენ საქვეყნოდ ცნობილი აკადემიკოსები: კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია. საქართველოში იშვიათია სკოლა, რომელიც ხუთი აკადემიკოსის აღმზრდელი იყოს.
        1964 წლის ოქტომბერში სკოლამ იზეიმა ქართული სკოლის დაარსების 80 წლისთავი. ზეიმს უამრავი სტუმარი დაეწრო. მათ შორის კონსტანტინე გამსახურდია. ზეიმის მოწყობის ინციატორი ყოფილა აწგანსვენებული, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, საკავშირო გამოფენების მრავალგზის მონაწილე, სკოლის დირექტორი ბატონი იონა იაკობის ძე მიქაძე.
      სკოლამ 1987 წლის 5 დეკემბერს აღნიშნა დაარსების 100 წლისთავი. ღონისძიებაზე ჩამოვიდა განათლების იმჟამინდელი მინისტრი გურამ ენუქიძე. ზეიმი ჩატარდა რესპუბლიკურ დონეზე. სკოლა განათლების მინისტრმა დააჯილდოვა პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის დიპლომით მასზედ, რომ ის არის “პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის კოლექტიური წევრი”, რომელსაც ხელს აწერდა აკადემიის პრეზიდენტი ნათელა ვასაძე და აკადემიის მდივანი ვლადიმერ გაგუა. ეს უდიდესი ჯილდო წილად ხვდა საქართველოს რაიონების სკოლებს შორის ძველი სენაკის საჯარო სკოლას, მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში მოპოვებული წარმატებებისათვის. 
        1998 წლის ოქტომბერში სკოლამ იზეიმა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 100 წლისთავი. სკოლის ეზოში დაიდგა არნოლდ ჩიქობავას ბიუსტი. გაიხსნა არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმი.
     2004 წლის 25 ოქტომბერს სკოლას შეუსრულდა დაარსებიდან 130 წელი. ძველი სენაკის საჯარო სკოლის დირექტორებად თავის დროზე მუშაობდნენ: ვლადიმერ დავითაია, ალექსანდრე ქუჩულორია, აპოლონ ქავთარაძე, ოთარ ცეკვაშვილი, იონა მიქაძე და მიტუშა ძიძიგური.
   XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ხალხის მისწრაფება თვითგანათლებისაკენ იზრდებოდა. იქმნებოდა კერძო სკოლები, ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, სადაც მოსახლეობას შეეძლო წიგნების კითხვა და თვითგანათლების მიღება. განსაკუთრებით აღსანიშნავია “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების “ გამგეობის მიერ შედგენილი წესდება სკოლებთან ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ.   
საინტერესოა ძველი სენაკის სახალხო ბიბლიოთეკის ისტორია.
       1896 წელს აქაურ მოსახლეობას მოუგროვებია საკმაო წიგნები. აზნაურ გრიგოლ და ალმასხარ ჩაჩავებს უკისრიათ უფასო სამკითხველოს გახსნა. სამკითხველოს გახსნის ინიციატორი ყოფილა გრიგოლ ჩაჩავას ძმა ვლადიმერ ჩაჩავა, რომელსაც სამკითხველოსთვის საჩუქრად გადაუცია 500-ზე მეტი ქართული და რუსული წიგნი. ასე ჩაეყარა საფუძველი უფასო სახალხო სამკითხველოს გახსნას ძველ სენაკში. 1910 წელს ძველ სენაკში იაკობ გოგებაშვილის დახმარებით გახსნილა ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკას თურმე ვაჭარმა ალექსანდრე ჩიქობავამ ერთი ოთახი დაუთმო. მის გამგედ დიდად განათლებული ქალბატონი აგრაფინა კუჭავა მოუწვევიათ, რომელსაც დიდი წვლილი შეიტნა ბიბლიოთეკის ფონდის ზრდაში. ამ პერიოდში საბიბლიოთეკო საბჭოს ხელმძღვანელობდა პედაგოგი დომენტი ოყრეშიძე. 
      ძველი სენაკის სამკითხველოში უმუშავიათ თინა ქავთარაძეს, ნუნუ ქავთარაძეს, მარგო სულამანიძეს, ტატიანა ოდიშარიას, კლარა გეგელიას. ამჟამად სოფლის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობს მზეონა ფითურია.
ძველ სენაკში ფუნქციონირებდა სკოლის გარეშე სასწავლო დაწესებულება - ნორჩ ნატურალისტთა რაიონული სადგური, რომლის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეები ეზიარებინა ბიოლოგიური მეცნიერების საფუძვლიანი ცოდნით, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნათა შეერთებით.
სადგური გაიხსნა ძველი სენაკის საშუალო სკოლის ბაზაზე 1980 წლის 15 ოქტომბერს, რომლის საფუძვლის ჩამყრელი იყო ძველი სენაკის საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორი იონა მიქაძე. ბატონ იონა მიქაძის შემდეგ სადგურის მუშაობას უნარიანად უძღვებოდა რუსუდან ჯოლია.
     ძველ სენაკში საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში სოფლის ადგილობრივ მთავრობას წარმოადგენდა სოფლის საბჭო. დროთა ცვლილებების შესაფერისად იცვლებოდა ყოფილი სასოფლო საბჭოს თავმჯდომარები. თაობა ცვლიდა თაობას. ყოფილი სასოფლო საბჭოს პიდველიAთავჯდომარე ყოფილა რემა დავითაია, შემდეგ: მიხა გოგია, თევდორე ჯოჯუა, ვარლამ განგია, მელიტონ ქობალავა, ჯოჯუ ჯანჯღავა, ბესარიონ ხუბუა, ხუტა ჯაკობია, თადა მაისაია, ვალოდია დავითაია, გრიშა ჯანღავა, მურმან შურღულაია, კაპიტონ ალანია, ივლიანე ჭკადუა, ალიოშა მილორავა, შალვა კოკაია, ზურაბ მიქაძე, გენადი ჯანჯღავა. ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობს ალექსანდრე  ჯანჯღავა.
  ამ დიდი წარსულის მქონე სოფელში ოდითგანვე მაღალ დონეზე იდგა საყოფაცხოვრებო მომსაუხრეობა. მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში 5 სავაჭრო ობიექტი (დუქანი) იყო, სადაც უმუშავიათ: იაგორა გუნიას, ლევან დგებუაძეს, ბესარიონ კოკაიას, გახუ ჯაკობიას, მათე ლეთოდიანს. თავალში საცემი ყფილა სოფლის ცენტრში მოწყობილი დიდი ზომის სასადილო, რომლის გამგედ იყო ახოვანი ვაჟკაცი გიორგი ჯინორია. სასადილო თურმე გვიან საღამომდე მუშაობდა, ვინაიდან ძველი სენაკი უნდა გაევლოთ მარტვილიდან, სალხინოდან, ბანძიდან მომავალთ. სასადილოში მუდამ ხალხმრავლობა იყო.
      სოფელში გახსნილი ყოფილა სამჭედლო სახელოსნო, სადაც მჭედლებად უმუშავიათ: პლატონ გურგენიძეს, პიმენა ვაჩნაძეს, ხოლო ხელოსნებად: იასონ რუხაძეს, კოკი ჯანჯღავას. ფუნქციონირებდა ფეხსაცმლის მკერავ-შემკეთებელი სახელოსნო. აგრეთვე საეტლე ცხენის მოსართავების სამკერვალო სახელოსნო. აქ უმუშავიათ ალექსანდრე ბარკალაიას, გიორგი ფარცხალაძეს, დათიკო ქავთარაძეს, მურთაზ ბაქრაძეს. სოფელს ემსახურებოდა მდინარე ტეხურზე გაშენებული სამთვალიანი წყლის წისქვილი. მეწისქვილედ უმუშავიათ ანდრი ჯანჯღავას, ბეგი კართხიას, მიხა ადამიას, კოტე ქავთარაძეს. ამ პერიოდში სოფელს მთელი პასურისმგებლობით ემსახურებოდა ფოსტა-ტელეგრაფი, რომლის პირველ გამგედ უმუშავია ლიზა ვეკუას, შემდეგ ჟუჟუნა ალანიას, ლუნა ხევსურიანს და ეილა სართანიას.
       ძველ სენაკში 1937 წლიდან ფუნქციონირებდა საექიმო ამბულატორია, რომლის პირველი გამგე ყოფილა ივლიანე ხოფერია, რომელიც უაღრესად კეთილი პიროვნება იყო. მან მთელი პასურისმგებლობით იმუშავა 1943 წლამდე. 1943 წლიდან 1945 წლამდე უბნის ექიმად უმუშავია თავის საქმის მცოდნეს, ენერგიულ, დაუზარელ პიროვნებას კაკი სანიკიძეს. მომდევნო წლებში სოფელში ექიმად მუშაობდნენ ივანე გამსახურდია, ლუბა სიჭინავა, შოთა გოგია, ლევან ჯაკობია. არასოდეს დაივიწყებს ძველი სენაკი ფარმაცავტებს: ცაცა და ილია კუპრეიშვილებს.           
        მეჩვიდმეტე საუკუნის დასასრულსა და მეთვრამეტე საუკუნის  დასაწყისში სოფელ ძველი სენაკის ცენტრში მხეიძეებისა და დადიანების მიერ აგებული იქნა მაცხოვრის სახელობის ბაზილიკა (უგუმბათო ეკლესია), სადაც მოიყვანეს წარმოშობით მთიული, სამეფო კარის სასულიერო პირი – არქიელ (დავით) ფარნავაზის ძე ქავთარაძე, რომელიც დასახლდა ძველ სენაკში და დაქორწინდა საჭყონდიდოს აზნაურ დოდო ჩიქვანზე (ნოე ჟორდანიას დედის ქრისტინე ჩიქოვანის დაზე). მათ შეეძინათ ფარნავაზი და ბესარიონი. რადგანაც მამული დიდი ჰქონდათ, ორივე თავის მამულში დასახლდა.
     ბესარიონი მეგობრობდა აკაკი წერეთელთან. 1864 წელს ბესარიონმა და მისმა მეუღლემ უმასპინძლეს აკაკი წერეთელს. ცოლ-ქმარი 1889 წლის ზაფხულში 80 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. დასაფლავებულნი არიან მაცხოვრის ეკლესიის ეზოში. მეორე ვაჟიშვილი ფარნავაზი (სიმსონი) გაჰყვა მამის კვალს და გახდა სასულიერო პირი –დეკანოზი. მეუღლე ჰყავდა მარტვილელი ოლენიკა ელიავა, მეტად ლამაზი და მწიგნობარი ქალი. ეყოლათ 8 –შვილი. ამათგან ერთ-ერთი იყო გიორგი (ბაძუ), რომელიც გაჰყვა მამის კვალს. მას დაუმთავრებია სენაკის სასულიერო სკოლა, შემდეგ ქუთაისის გიმნაზია და ბოლოს ჟენევაში დაასრულა უმაღლესი განათლება.
     ეკლესიისთვის მეთვარამეტე საუკუნის 50-იან წლებში დაუშენებიათ გუმბათი. მშენებლობაში მონაწილეობა მიუღიათ: მხეიძეებს, დაადიანებს, ფარნავაზ ქავთარაძის რძლებს ნ. კუხალეიშვილს, ა. მეძმარიასვილს, მ. ჯაფარიზეს. ეს მანდილოსნები თურმე ხელის ურიკით ეზიდებოდნენ ქვიშას, საშენ მასალებს.
      ფარნავაზ დავითის ძე ქავთარაძე უკვე დეკანოზი გამხდარა. ეკლესიაში დეკანოზ ფარნავაზის დროს წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, საგალობელიც ქათული იყო.
      ,,ეგზარქოსმა “ ინება თურმე მობრძანება ეკლესიაში, რათა ,,ძაღლების ენაზე” (ამ დროს ქართულ ენას ძაღლების ენას ეძახოდნენ) აეკრძალათ ლოცვა-გალობა, მაგრამ ეკლესიის მსახურთ ნირი არ შეეცვალათ თურმე და გაუგრძელებიათ წირვა და აუგუგუნებიათ ქართული საეკლესიო საგალობელი. ეს ყველაფერი ისეთი სიყვარულით და სილამაზით შესრულებულა თურმე, მოსულნი იძულებულნი გამხდარან ქედი მოეხარათ ამ დიდებული საგალობლის, ერის და ბერის წინაშე და უმალვე უკან გაბრულებულან.
      ძველი სენაკის ეკლესიას ბევრი დიდებული სწირავდა შესაწირს. მათ შორის ყველაზე ცნობილია, სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი  - დავით დადიანი და მისი  ულამაზესი მეუღლე – ეკატერინე ჭავჭავაძე. ეკატერინეს თითიდან საკუთარი სურვილით მოუძვრია ლალის თვლიანი, ალმასებით მოჭედილი ბეჭედი და შეუწირავს ეკლესიისათვის, რომელიც როგორც ძვირფასი განძეული, დიდხანს ინახებოდა ეკლესიის განძთსაცავში, ძვირფას ნივთებთან ერთად.
      დეკანოზი ფარნავაზი და მისი შვილი მღვდელი  ბაძუ (გიორგი) მხარში ედგნენ დაჩაგრულ ხალხს, სოფელში რევოლუციის პერიოდში რევოლუციონერებს მალავდნენ. სწორედ ამიტომ 1906 წლის იანვრის თვეში ალიხანოვ-ავარსკის, დეკანოზ ფარნავაზ ქავთარაძისათვის სახლ-კარი გადაუწვავთ. ბაძუ ქავთარაძე გარდაიცვალა 1964 წლის დეკემბერში. დასაფლავებულია მაცხოვრის ეკლესიის გარეთ, აღმოსავლეთ კარებთან ახლოს.
     რევოლუციის შემდეგ, ეკლესიაზე ზრუნვა შეჩერდა. თანდათან ნადგურდებოდა ეს ქრისტიანული სარწმუნოების უნიკალური ტაძარი. XX საუკუნის 60-70-იან წლებში ეკლესია განადგურების პირას იყო მისული. გუმბათზე ხეები ამოსულა, განმკითხავი არავინ ყოფილა. მზრუნველად გამოჩენილა ძველი სენაკის მკვიდრი ნინა გეგენავა. მისი დიდი ბრძოლის შედეგად საქართველოს ძეგლთა დაცვის კომიტეტს ეკლესიის გუმბათი გაუწმენდია და გადაუხურავს. შემდგომში მაცხოვრის ეკლესიის რესტავრაციაზე და მის კეთილმოწყობაზე უზრუნვია ძველი სენაკის მკვიდრს, მხატვარს, სოფლის საამაყო შვილს, ემელიანე ადამიას.
     დღეს ემელიანე ადამიას წყალობით ეკლესია ფუნქციონირებს. მიმდინარეობს წირვა-ლოცვა. ძველებურად გაისმის ქართული საეკლესიო გალობანი.
    ძველ სენაკში, საგიგიბერიოს უბნიდან მოჩანს ეკლესიის ნანგრევები. ეს ეკლესია ატარებს წმინდა გიორგის სახელს. ამ ეკლესიის შესახებ ხალხში ძალიან მწირი მონაცემები მოიპოვება. ხალხში შემორჩა ის, რომ ტაძარი აგებული ყოფილა მეთორმეტე საუკუნეში ქვითკირისაგან. ფუნქციონირებდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე. მისი უკანასკნელი მღვდელი ყოფილა მათე კალანდარიშვილი. საბჭოთა პრიოდში ტაძარი გაუპარტახებიათ. 
    ძველ სენაკში 30-40-იან წლებში ტრანსპორტის ძირითადი სახეობა იყო ეტლი და ორთვალა, რომლის საშუალებით ხდებოდა ადამიანთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა. ამ საქმეს თურმე ემსახურებოდა გამოცდილი მეეტლეები ივანე ხურცილავა, შალვა ქავთარაძე, ირაკლი ჯანჯღავა, ბესარიონ ლოლუა, ილუშა და სიმონ ჯანჯღავები.
       40-იან წლებში ძველ სენაკში კერძო ავტობუსი ჰყოლია გრიშა ხეცურიანს, რომელიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ხალხს მარშუტზე მარტვილი-სენაკი- ჩხოროწყუ. ეს იყო პირველი ავტობუსი ძველ სენაკში.
  60-იანი წლებიდან ბაძუ ქავთარაძის ინიციატივით სოფელში დაუყენებიათ სახელმწიფო ავტობუსები.. მარშუტი ძველი სენაკი-სენაკი-მენჯი. პირველი ავტომძღოლები ყოფილან: შოთა ჯოჯუა, ბუდა ოდიშარია, ბოჩია ჭითავა, რაულ ბენდელიანი, დოროთე ჩილიგავა და შოთა ბაღათურია.
    საბჭოთა პერიოდში ძველ სენაკში ფუნქციონირებდა მეღორეობის საბჭოთა მეურნეობა, რომელიც დაუარსებიათ მდიდარი ვაჭრის, დიდი მამულისა და სიმდიდრის პატრონის, ბატონ ერასტო ქავთარაძეს მამულში (ნასახლარზე).
        თავის დროზე ერასტოს, როგორც მდიდარ ვაჭარს კავშირი ქონია საზღვარგარეთის ქვეყნებთან – რუსეთთან, თურქეთთან, საფრანგეთთან, საბერძნეთთან საიდანაც ჩამოჰქონდა მინერალური სასუქი, ტექნიკა, ქსოვილები, შაქარი და სხვა. აქედან გაჰქონდა თხილი, კაკალი, მარცვლეული და სხვა. ერასტო ქველმოქმედი ყოფილა, დახმარებას უწევდა ღარიბებს, მოხუცებს, შეჭირვებულებს. ამით ის ხალხის სიყვარულს იმსახურებდა. შვილებისთვის უმაღლესი განათლება მიუცია პარიზში. რევოლუციის პერიოდში, ორი ბიჭი საზღვარგარეთ საფრანგეთსა და გერმანიაში დასახლდა, იქ გარდაიცვალნენ. მესამე ბიჭი გიორგი აქ დარჩა მამისეულ სახლში. 
     ერასტო ქავთარაძის მამულში 1930 წელს შეიქმნა ამიერკავკასიის ზონალური საცდელი სადგური, სადაც პირველ დირექტორად დაინიშნა ვლადიმერ ბერულავა. 1934 წელს აქ ჩამოყალიბდა მეღორეობის საბჭოთა მეურნეობა, რომლისთვისაც შეუერთებიათ ლიკვიდირებული საბჭოთა მეურნეობები: ვედიდკარის, ონოღიის, ზუგდიდის, ხობის და პირველი ხობის მეღორეობის საბჭოთა მეურნეობები. ისინი ფუნქციონირებდნენ 1937 წლამდე. 1937 წლიდან მიენიჭა მეღორეობის საბჭოთა მეურნეობას საჯიშე საბჭოთა მეურნეობის სახელწოდება, რომლის დირექტორად დაუნიშნავთ სევერიან დარჯანია.
         1938-40 წლებში მეურნეობის დირექტორად ინიშნება ივანე (ვანო) კუჭავა. 1956-63 წლებში მეურნეობის დირექტორი ყოფილა ნიკოლოზ ბარამია. ამ დროს მეურნეობის ეკონომიკის ძირითად წყაროს მეცხოველეობა, კერძოდ, მეღორეობა წარმოადგენდა. საბჭოთა მეურნეობაში ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი და ბაგა. ავტოსატრანსპორტო პარკი, მემინდვრეობის ორი განყოფილება 7 ბრიგადით.
      1961 წლიდან 1984 წლამდე მეურნეობის დირექტორებად უმუშავნიათ ალბერტ კურდღელიას, სენაპიორ ნასარაიას, ტიტიკო წურწუმიას, რევაზ ადამიას. 
   საბჭოთა ხელისუფლების ნგრევის შემდეგ საქართველო გამოაცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკა. შეიცვალა საზოგადოებრივი წყობა, შეიცვალა ხელმძღვანელობა.
         თავისუფლებისათვის ბრძოლას მოყვა მსხვერპლი. ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილი ჩაიწერა მეტად მძიმე, ტრაგიკულ დღედ. დაიწყო სამოქალაქო ომი, აფხაზეთის კონფლიქტი. ყოველივე ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა სოფლის ეკონომიკაზე, სულიერ სფეროზე. თანდათანობით გაიძარცვა სოფელი. თითქმის ყველაფერმა დაჰკარგა შნო, იერი, ლაზათი. ბევრმა საწარმომ, მეურნეობამ, საყოფაცხოვრებო ობიექტმა შეწყვიტა ფუნქციონირება. დაიწყო ე. წ. ,,უშუქობის პერიოდი”...
         თუმცა ცხოვრება კვლავ გაგრძელდა და ჩადგა ნორმალურ კალაპოტში. ძველი სენაკი ძლიერდება ეკონომიკურად, კულტურულად, მდიდრდება სულიერად. დღეს ეს სოფელი ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი მოწინავე სოფელია. გაკეთა გზები, განახლდა კულტურული დაწესებულებების მუშაობა. სკოლას ნაწილობრივ გაუკეთდა რემონტი, ჩაისვა ახალი ფანჯრები და გადაიხურა ძველი ისტორიული შენობა.
         დღეს ჩვენს სკოლაში ისევ რეკს აკაკის მიერ ჩამოკრული ზარი, დღემდე გუგუნებს ყველა მოსწავლის, ნამდვილი ქართველების გულში. ვსწავლობთ, ვშრომობთ და ჩვენი 
სწავლით მაგალითს მივცემთ მომავალ თაობებს.